არქივი

კალენდარი

May 2015
M T W T F S S
« Apr    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

 DSC_0980
ავტორი: ია ჩუბინიძე

2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.  თბილისში მოვლენების  ეპიც  ენტრს თავისუფლებისა და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა.

დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა  შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის 200 წარმომადგენლის მიერ ფიცის საზეიმოდ დადება იყო. დამოუკიდებლობის დღე ახალწვეულებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ცერემონიის შემდგომ  თავისუფლების მოედანს სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. საფრენი აპარატებიდან მისალოცი ბარათები გადმოყარეს და ამ ფორმით მიულოცეს დღევანდელი დღე შეკრებილ საზოგადოებას.

წელს პირველად, 51-ე და 12-ე ბატალიონის გარდა, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 74 ამერიკელი სამხედრო, რომლებმაც მონაწილეობა ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მიიღეს. რუსთაველის ტერიტორიაზე თავადაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა იყო გამოფენილი.

რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, რუსთაველისა და თავისუფლების ტერიტორიაზე ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელმა საკუთარი დაგეგმილი პროექტები წარადგინა. მოეწყო სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა და პერფომანს-მსვლელობაც,  რომლის ფარგლებში, საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ტიპის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები წარსდგნენ და 1918-21 წლების პერიოდი გააცოცხლეს. გარდა ამისა,  ზეიმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სხვადსხვა ნაწილში წარმოდგენილი იყო მინი სცენები და მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარსა და ცეკვებს სთავაზობდნენ. დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგემილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ, განსაკუთრებული აქტიურობით ბავშვები გამოირჩეოდნენ, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უცხოელებიც.

საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისიტრი და მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრებიც დაესწრნენ.
DSC_0942

DSC_1009

DSC_1230

ლგბტ პირთა მიმართ სოლიდარობის აქცია

ავტორი: ია ჩუბინიძე

2015 წლის 17 მაისს, თბილისში, ჰომოფბიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვასადხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

შეკრების მიზანი, აქციის ორგანიზატორების თქმით, ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო. „აქ შეკრებილი ადამიანები ვუცხადებთ სოლიდარობას ყველა ადამიანს და ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება“, – თქვა ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა რეხვიაშვილმა.

DSC_0756არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გააცნეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის კონტრდემონსტრანტების მიერ დარბევის გამო საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზრაურება დაეკისრა. გადაწყვეტულებაში ხაზგასმული იყო ისიც, რომ სახელმწიფოში ადამიანებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა, დაუშვებელია კონტრაქციებით აქციების დარბევა და სხვა.

მრგვალ ბაღთან, სადაც აქცია გაიმართა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია. შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, აქციაზე დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით იყო შესაძლებელი.

საქორწინო კონტრაქტი- დაზღვევა თუ უნდობლობა

ავტორი: ია ჩუბინიძე

საქორწინო კონტრაქტის გაფორმება  ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ არა – საქართველოში.

საქორწინო კონტრაქტი თავისი სამართლებრივი ბუნებით სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც,  უპირველეს ყოვლისა, ასახულია მეუღლეთა ქონებრივი მდგომარეობა და ქორწინების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ მათი ქონების გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები და უფლება-მოვალეობანი. მოცემული ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს სხვა ასპექტებსაც, მაგალითისთვის, ინტიმურ ცხოვრებასა და სხვა დამატებით არამატერიალურ ფაქტორებს. ხელშეკრულების ვადა განქორწინებისას იწურება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ვადამდე შეწყვეტა ან მასში ცვლილებების შეტანა. ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონის თანახმად, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება განქორწინების შემთხევევაში მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება,  საქორწინო ხელშეკრულება კი ქონების არათანაბრად გაყოფის საშუალებასაც იძლევა.

woman filling employment offer document

ის, რომ წყვილები განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფის თვალსაზრისით უამრავი სახის პრობლემას აწყდებიან, ეს თემა ახალი არავისთვის არის,  არც სრულიად უსახსროდ დარჩენილი მარტოხელა ქალების არსებობა უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო.  საქორწინო კონტრაქტის  განმარტების შემდეგ, ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა, თუ რატომ არ აფორმებენ წყვილები მას, თუ იგი რეალურად ბევრი მოსალოდნელი პრობლემის  უმტკივნეულოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას  იძლევა?

ჩემ მიერ ქუჩაში  ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მოცემულ კითხვაზე პასუხი ორ უმთავრეს პრობლემასთან არის დაკავშირებული – ქართველი საზოგადოების სოცუალურ-ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და ინფორმაციის ნაკლებობა.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, კონტრაქტი ჩრდილს აყენებს ურთიერთობას და სიყვარულთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. განსაკუთრებით მამაკაცები, კონტრაქტს უნდობლობის გამოვლინებასთან აკავშირებენ, არადა, რომ დავფიქრდეთ, რეალურად, ისინი თვითონვე ავლენენ უნდობლობას თავიანთი მომავალი პარტნიორის მიმართ, მათ მიერ კონტრაქტის გაფომებასთან დაკავშირებით თავიდანვე  გამოვლენილი შიშნარევი დამოკიდებულებით.

რაც შეეხება მეორე პრობლემას,  „ლიბცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საზოგადოების ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას კონტრაქტის მნიშვნელობის შესახებ.  ხშირად ადამიანები საკუთარ აზრს დაუფიქრებლად გამოთქვამენ და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თავიანთ მოსაზრებებს  ისევ და ისევ უნდობლობისა და სხვა მსგავსი სტერეოტიპული შეხედულებების სარჩულს უდებენ.

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ცნობით, საქართველოში დადებული საქორწინო კონტრაქტების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, თუმცა, არა ძალიან მაღალი ტემპით, თანაც, ხელშეკრულებების უმრავლესობა, ქართველ და უცხოელ პიროვნებებს შორის ფორმდება.

არა – სიძულვილის ენას!

ავტორი: ნინო თეთრაული

წელიწადზე მეტია, მე და ჩემი მეგობრები,,ვარეპორტებთ’’ სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდს, სახელწოდებით ,,წავიდეს ყველა ზანგი საქართველოდან’’. თუმცა უშედეგოდ – სოციალური ქსელის (facebook) სისტემისთვის აუცილებელია ასობით ადამიანმა გამოხატოს პროტესტი, რათა გვერდი დაიბლოკოს.

ეს ერთ-ერთია იმ ათასობით ჯგუფიდან და გვერდიდან, რომელიც რასისტულ, ჰომოფობიურ სახელწოდებას ატარებს, ამ გვერდებიდან კი ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები.

hate speechპრობლემის არსის სრულად გასაანალიზებლად, პირველ რიგში განვიხილოთ რა არის სიძულვილის ენა: სიძულვილის ენა წარმოადგენს როგორც ვერბალურ, ასევე წერილობითი გამოხატვის ფორმას, რომელიც მიმართულია რომელიმე ინდივიდუალის, ან კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ მათი ეთნიკური წარმოშობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიური აღმსარებლობის, გარეგნობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის გამო. როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ყველაზე ხშირად სხვადასხვა უმცირესობები აღმოჩნდებიან ხოლმე სამიზნედ, როგორც საზოგადოების ყველაზე სუსტი და ხშირად დაუცველი ნაწილი. სიძულვილის ენის ფორმები და გავრცელების არეალი კი გაცილებით ფართოა სოციალური ქსელების შექმნის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ქვეყნებში სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ გენოციდის ან სხვა კატეგორიის დანაშაულის ინიცირებას უწყობს ხელს(კანადა,ბელგია). ევროპის ზოგ ქვეყანაში კი სიძულვილის ენის გამოყენება ტოტალურად აკრძალულია(დანია). ჩვენი კონსტიტუცია, სიტყვის და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს გარანტირებულს ხდის და მათი შეზღუდვის მიზეზად, მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებს ასახელებს(მაგ.: როდესაც საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფო უშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა). საგულისხმოა, რომ დღემდე ჩვენი კანონმდებლობა ტერმინს, ‘’სიძულვილის ენას’’ არ ცნობს არანაირ კონტექსტში.

საქართველოში, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ყოველდღიურად ისმის გარკვეული გავლენის მქონე პოლიტიკოსებისგან თუ ცნობადი სახეებიდან. აღნიშნული მოვლენა იმდენად ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, რომ აღარავის უკვირს რომელიმე საჯარო მოხელის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური, დისკრიმინაციული, ეთნოცენტრული განცხადება.  დღევანდელ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს და კომენტარებს მძიმე შედეგები მოსდევს. განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, – ე.წ ბულინგი- ჩაგვრა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა,  მათ შედეგებს კი იმდენად გვიან ვხედავთ, რომ გამოსწორება ხშირად უკვე შეუძლებელია.

ამის შემდეგ ლოგიკურად ისმის კითხვა: როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას? ევროპის საბჭოს მიერ 2012-2014 წლებში განხორციებული ონლაინ კამპანია, ევროპის მრავალ ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც მოიცავდა. კამპანია ორიენტირებული იყო სიძულვილის ენის და მისი უარყოფითი რეზულტატების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე(მეტი ინფორმაციისთვის: nohatespeechmovement.org ). თუმცა, ევროსაბჭოს თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული კამპანია ვერ მოგვცემს იმაზე დიდ შედეგს, ვიდრე თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯი სიძულვილის ენის წინააღმდეგ – არააგრესიული, არგუმენტირებული დიალოგი ჩვენს გარშემომყოფებთან, ონლაინ-მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ე.წ დარეპორტება იმ Facebook გვერდების, რომლებიც ატარებენ სიძულვილის ენის გამომხატავ სახელწოდებებს და განსაკუთრებით, – დიალოგი უმცროს თაობასთან ბულინგის უარყოფით შედეგებზე.

პრობლემები, რომელთა შემჩნევაც მსხვერპლს მოითხოვს

ავტორი: ია ჩუბინიძე

10 მაისის დილას ქობულეთში ტრაგედია მოხდა – სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა  ხანძარმა  სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილები  რუსთავიდან აჭარაში გასრტოლებზე ჩასული ანსამბლის წევრები იყვნენ. მომხდარი ტრაგედიის შესახებ დეტალების გავრცელებიდან მალევე ურთიერთბრალდებების ტალღა აგორდა.

აღნიშნულმა მოვლენამ ჩვენს ქვეყანაში არსებულ უამრავ, ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემას გაუსვა ხაზი და ჩვენი მანკიერი მხარეებიც კიდევ ერთხელ გააშიშვლა. მაგალითად ის, რომ საქართველოში მომსახურების სფეროში უამრავი პრობლემა არსებობს ყველამ იცის, თუმცა, პროტესტს არავინ გამოთქვამს, ვყვირით მხოლოდ მაშინ, როცა სულისშემძვრელი ტრაგედია პერიოდულად გამოგვაცოცხლებს ხოლმე. კიდევ  მსგავსი რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რომ ადამიანებს დამატებითი სახსრების გაღებისკენ უბიძგოს და ელემენტალური უსაფრთხობის სტანდარტები დაიცვან? ნუთუ ევაკუაციისთვის განკუთვნილი კიბის, სახანძრო სიგნალიზაციისა და ცეცხლსაქრობი მოწყობილობის  საფასური ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ბავშვების სიცოცხლე?

ხანძარი ქობულეთში

ფოტო: რუსთავი 2

გამოთქმულ ბრალდებებს სასტუმროს მეპატრონე იმით პასუხობს, რომ მსგავსი მოწყობილობები ქობულეთში არსებულ არც ერთ სასტუმროს არ გააჩნია და შესაბამისად,  მისი ქონის საჭიროებას ის ვერ ხედავდა, მეპატრონე უფროსების უყურადღებობაზე აკეთებს აქცენტს და ბრალდებებს მათ უყენებეს.

მოდით ადამიანურ ფაქტორებსა და პასუხისმგებლობას დროებით შევეშვათ და სახელმწიფოს ვალდებულებებს შევეხოთ. რთულია, ადამიანებს სტანდარტების დაცვა მოსთხოვო, როცა ამის რეგულირებას სახელწიფო არ ახდენს, უფრო მეტიც, ქობულეთის გამგებელმა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ყოველგვარი წინასწარი მოკვლევის გარეშე სრული პასუხისმგენლობით განაცხადა,  რომ სასტუმრო ყველა თვალსაზრისით გამართული იყო.

პრობლემა ნომერი ორი, რაც ნამდვილად თვალშისაცემი იყო, ეს გახლავთ სამაშველო სამსახურის გაუმართაობა. ტელევიზიით გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ სამაშველო სასახურის მოსვლისას სასტუმრო თითქმის დამწვარია.ამ მოსაზრებას „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ადგილობრივების კომენტარებიც ამყარებს, ისინი სამაშველო სამსახურის დაგვიანებასა და ტექნიკურ გაუმართაობაზე, კერძოდ კი, წყლის საკმარისი რაოდენობით არარსებობაზე საუბრობენ.

პრობლემა ნომერი სამი: რუსთავი 2 -ის ეთერით მომხდარი ტრაგედიის შესაძლო მიზეზებს შორის რამდეჯერმე დასახელდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბავშვებმა ოთახიდან შესაძლოა იმიტომ ვერ გამოაღწიეს, რომ უფროსმა დამ ბავშვები  ოთახში ჩაკეტა, რათა ღამე სასტუმროდან არ გასულიყვნენ.  ეს ვერსია რამდენჯემრე მკაფიოდ გაისმა სიუჟეტში. არავის უფიქრია გავრცელებული ინფორმაციის შესაძლო ეფექტზე. გარდაცვლილი ბავშვის და გადარჩა. მტკიცებულებების გარეშე სამი ბავშვის გარდაცვალებაში მისი დადანაშაულება კი ორმაგი ფსიქოლოგიური ტრავმაა.

ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელზეც ყველა რატომღაც თვალებს ვხუჭავთ და არაფერს ვაკეთებთ რეალობის შესაცვლელად. ლაპარაკს მხოლოდ მორიგი მსხვერპლის მერე ვიწყებთ და მალევე ვამთავრებთ.

სტუდენტების სამყარო ფასადებს მიღმა

 

5ავტორი: თამუნა გეგიძე

თსუ-ს კარები შევაღე და რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ!!! – ალბათ, ასე უნდა დავიწყო წერა, რომ მავანთა ყურადღება მივიქციო და კიდევ ერთხელ ვაიძულო დაინახონ ის, რაც ისედაც თვალწინ უდევთ , მაგრამ ფასადების ჩრდილებში ვერ ხედავენ. ჩემს, 97 წლიანი წარსულის მქონე უნივერსიტეტში სიძველისგან კედლები იბზარება, იატაკი ჭრიალებს და გაყვანილობა ფეთქდება. მგონი საკმარისად სკანდალური შესავალია და მკითხველს ინტრიგაც გაუჩნდა, რომ ბოლომდე გამომყვეს.

ასაკით მიხვდით, რომ თსუ-ზე ვსაუბრობ, მაგრამ გაოცებას ვერ მალავთ. არადა, გუშინ ისხედით პირველი კორპუსის ეზოში, შემდეგ მუზეუმივით დიდებულ შესასვლელში შეხვედით და საკმაოდ კარგად მოწესრიგებულ სააქტო დარბაზში კონცერტს დაესწარით. დატკბით გარემოთი და უკან დაბრუნდით. შესაბამისად, გიკვირთ – რას ვიგონებ.  დავაკონკრეტებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  არამხოლოდ პირველი კორპუსის დიდებულ ფასადს, არამედ 11-სასწავლო და ორი სტუდენტური საცხოვრებლის კორპუსს აერთიანებს.

პირველი კორპუსის ფასადს ამოფარებული ფეხზე ძლივს დგას მეექვსე, მეორე და მესამე კორპუსები. ცოტა ზევით თუ გადავინაცვლებთ მაღლივი კორპუსის პრობლემებიც შეგვეჩეხება, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვას უკვე წლებია შეჩვეული ვართ და აღარ განვიცდით.

მაღლივთან ახლოს დგას შენობა წარწერით „სტუდქალაქი“, რომელიც ამ გარემოსთან არაფერ შუაშია. კორპუსის შესასვლელში დაცვის თანამშრომლის მკაცრი სახე შეგვეჩეხება, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ღებულობს. კარგია, როგორც ჩანს უსაფრთხოების წესებს იცავენ. ე.წ „ფეისკონტროლის“  ბარიერს რომ გადავლახავთ და დაცვას გავცდებით, ბნელი და საშიში დერეფანი ისე უნდა გავიაროთ, რომ ჩვენდაუნებურად  საშინელებათა რომელიმე ფილმის პერსონაჟებად არ ვიქცეთ. მიუხედავად იმისა, რომ გზას დაზიანებული იატაკი და ელექტროგაყვანილობის კაბელები გვიღობავს, მაინც ვახერხებთ დანიშნულების ადგილას მისვლას.

სტუდქალაქში ცხოვრება საკმაოდ იაფია, თვეში სულ რაღაც 30 ლარი. თანხაში შედის კომუნალური გადასახადები. კვება ინდივიდუალურია, თუმცა სამზარეულო არ აქვთ, ამიტომ აივნები და საძინებლები ამ ფუნქციას თავისუფლად ითავსებენ. ინტერნეტი, რომელიც დღესდღეობით სტუდენტის განათლების მთავარი ელემენტია, კორპუსში გაყვანილი არ არის და ინდივიდუალურად, სურვილის მიხედვით შეჰყავთ. სამაგიეროდ, საძინებლის ინვენტარი „უზრუნველყოფილია“ უნივერსიტეტის მიერ.

არ ვიცი, რაც ეძახის ჩემი უნივერსიტეტი უზრუნველყოფას. ჩემთვის უზრუნველყოფა ის არის, რაც  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტს (სეუ) აქვს -გამართული ინფრასტრუქტურა, სრული ტექნიკური უზრუნველყოფა, ინტერნეტი და  სამზარეულო.

თსუ-ს პირველი კორპუსის ფასადებს მიღმაც უნივერსიტეტია. ფასადებს მიღმა არასენსორულ გარემოში სტუდენტები ცხოვრობენ. უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც განათლების მისაღებად საქართველოს პირველ უნივერსიტეტში მისვლა გადაწყვიტეს და საბოლოოდ  სადღაც ძველი კორპუსის ნანგრევებში აღმოჩნდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, თავად სტუდენტებს არსებული პირობები არ აწუხებთ, რადგან პროტესტის ტალღა არავის შეუნიშნავს. ყოველთვიური 30 ლარის გადასახადის ფონზე მათი პრეტენზიები ისიც მხოლოდ ადმინისტრაციასთან მაშინ ისმის, თუ კაბელი აფეთქდა ან სარეცხ ოთახში მილი გაიჭედა.

1

2

4

 

 

sk

ასოცირების შეთანხმება – ჩვენი გასავლელი გზა

ავტორი: თორნიკე ფუტკარაძე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება ადვილი შესაძლებელია აღმოჩნდეს გარდამტეხი მომენტი საქართველოს სამომავლო განვითარებისათვის.

დღესდღეობით წარმოებული პროპაგანდისა თუ სხვა მიზეზების გამო, საზოგადოებაში გაჩენილია არასწორი და გაზვიადებული მოლოდინები ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხშირად შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას, ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის პანაცეად მიიჩნევენ ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირს.

cms-image-000027090მეც, როგორც რიგითი სტუდენტი ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის, თუმცა ვერ გავიზიარებ იმ პათოსს, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით მოგვარდება/მოგვარდა და ჩვენ არაფერი გვექნება გასაკეთებელი. რეალურად პირიქითაა, ასოცირების შეთანხმება, ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია ქვეყნის მომავალი განვითარებისაკენ მიმავალ ძალზე რთულ გზაზე და მისი გავლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ, აქ მცხოვრები ხალხი მთელი გულით მოვინდომებთ იმ მიზნის მიღწევას რასაც ევროპული დონე და ევროპული ცხოვრების წესი ქვია.

რა არის ასოცირების შეთანხმება? რას ითვალისწინებს? რა სფეროებს მოიცავს? ამ კითხვებზე  პასუხს ადვილად ვიპოვით ინტერნეტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ. გვერდზე ან დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურებში: „ასოცირების შეთანხმება ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. ასოცირების შეთანხმება შესასრულებლად სავალდებულოა. შეთანხმება გახსნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.“ – შეთანხმების მოქმედების სფერო შეიძლება ითქვას, ძალიან ფართოა. აქვე უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს სულ სხვა პროცესია რომლისთვისაც მზად ვიქნებით თუ მოხდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია სრულყოფილად.

ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს სახელმწიფოს ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის მიერ შიდა გამოყენებისთვის მიღებულ შესასრულებლად სავალდებულო დირექტივებსა და სხვა სავალდებულო ნორმებთან. ევროკავშირის საკანონმდებლო აქტები, რომელთაც საქართველო უნდა მიუერთდეს მოცემულია შეთანხმების თითოეული თავის დანართებში. თუმცა როგორ, რა მექანიზმით მიუერთდება საქართველო ამ ხელშეკრულებებს, ასევე ნებისმიერი გასატარებელი ღონისძიება იმპლემენტაციის პროცესის უმტკივნეულოდ ჩავლისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა. სახელმწიფოა პასუხისმგებელი ყველა იმ უხერხულობისთვის რაც ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიღებულ საკანონმდებლო აქტებს მოყვა იქნება ეს ბოლო დროს აქტუალური მედიის და სარეკლამო დროის განაწილების შესახებ კანონი, თუ საქართველოს ახალი სავიზო პოლიტიკა.

საუბარი იმაზე, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული და დასანერგი საკანონმდებლო აქტები შეიძლება არარელევანტური ან შესასრულებლად შეუძლებელი იყოს არასერიოზულია, რადგან მათი იმპლემენტაცია განხორციელებულია კავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და ისინი ყველგან „მუშაობს.“ თითოეული საკანონმდებლო დოკუმენტი, ვინაიდან ისინი მიღებულნი არიან ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ 28 ქვეყანაში სამოქმედოდ შედგენილია ისე, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული სახელმწიფოს განსხვავებული თავისებურებები და ადვილი დასანერგი იყოს შიდა კანონმდებლობაში. ძალზე იშვიათია შემთხვევა, როცა ცალკეული დოკუმენტი სახელმწიფოს ავალდებულებს კონკრეტული ქმედების განხორციელებას; დოკუმენტები უმთავრესად აწესებენ სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო გზას, რაც შედეგამდე მიდის სახელმწიფო თავისი დისკრეციითა და ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით ირჩევს.

ზემოთ დახასიათებული მიდგომა ზოგადად ეფექტურია, რადგან ვინ, თუ არა შესაბამისმა მთავრობამ იცის თავისი ქვეყნის თავისებურებები, ნაკლოვანებები და სწორედ მას შეუძლია ივარაუდოს და დაგეგმოს ღონისძიებები შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში დამდგარი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამსუბუქებლად; დაწესებული სტანდარტები კი მართლაც ძალიან მაღალია, – ევროკავშირი (2012 წლის მონაცემებით) მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით პირველ ადგილზეა რაც განაპირობებს იქ წარმოებული პროდუქტის მაღალ ხარისხს.

ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება იოლი არ არის, თუმცა, შესაძლებელია, რასაც წლები, უზარმაზარი შრომა და სწორი დაგეგმარება სჭირდება. ეს კი სწორედ ის სფეროა, სადაც სახელმწიფოს სრული თავისუფლება და შესაბამისად სრული პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული, პასუხისმგებლობა რომელიც მთლიანად ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს და არა რომელიმე მთავრობის. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, იმ დონეზე ასვლა, სადაც დღეს ევროკავშირია, თუ არ ვიშრომეთ და არ ვისწავლეთ, ამას ძალით ვერც სამთავრობო აპარატი და მითუმეტეს ვერც ევროკავშირი ვერ გააკეთებს.

წარმატებულ ქვეყანას ვერ ქმნის ვერც თავს დაცემული ნავთობი ან სხვა ძვირფასი მატერიალური რესურსები და ვერც რომელიმე გაერთიანებაში შესვლა, ქვეყანას წარმატებულს ხდის იქ მცხოვრები მოსახლეობა და მისი გონებრივი რესურსები. თუ გვინდა ევროკავშირის დონეს მივაღწიოთ, ამისთვის არ კმარა არც ასოცირების შეთანხმება და არც თვითონ კავშირში შესვლა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ცნობიერება და ევროპის ამ „სანუკვარი“ სტანდარტების თითოეული ჩვენგანის მიერ ინდივიდუალურად დაკმაყოფილება.

ასოცირების შეთანხმება – ეს არის გზა საითკენაც ქვეყანა უნდა წავიდეს და განვითარდეს, ეს არის გზამკვლევი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ. ეს გზა არ არის მარტივი და უამრავი დაბრკოლება და განსხვავებებია გადასალახი ცნობიერებასთან დაკავშირებულ თუ ეკონომიკურ სფეროებში, თუმცა პირველივე დაბრკოლება ან შეუსაბამობა არ ნიშნავს, რომ ეს კავშირი ჩვენთვის არაა, რომ ევროპა „ცუდია“ და იქ ჩვენი ადგილი არაა, ეს უბრალოდ ერთი გამოწვევაა ქვეყნის განვითარების გზაზე, რასაც აუცილებლად გადავლახავთ.

მალხაზ სონღულაშვილის ლექცია – დიალოგი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის

პარასკევს, 8 მაისს, 19:00 საათზე „ლიბცენტრი“ გამართავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარის, მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექციას

“დიალოგი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის”

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31, მელიქ აზარიანცის სახლის უკანა მხარე
ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)
e_mail: liberalismcenter@gmail.com

მალხაზ სონღულაშვილი

რაღა დროს ჩემი ველოსიპედია?!

ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე ბევრი ამ საკითხს, რაზეც ახლა ვწერ, საკმად არასერიოზულად უყურებს ხოლმე. არადა, ველოკულტურაზე, უფრო სწორად კი უკულტურობაზე ხაზგასმისას, პირველ რიგში, ისევ და ისევ, ქართულ დამახინჯებულ მენტალიტეტს ვეხები ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ბევრისთვის გაუგებარია.

ველოსიპედი – ზოგისთვის ბავშვობასთან ასოცირდება, ზოგისთვის დღემდეა გართობისა და მეგობრებთან ერთად დროის გატარების საშუალება, საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენი დედაქალაქი ნამდვილად არ ქმნის ამ კომფორტს, თუმცა ველომოყვარულები, მიუხედავად ბევრი ბარიერისა, საყვარელ მეგობარს მაინც არ ღალატობენ ხოლმე.

unnamedსაქართველოში, ასე ვთქვათ, საველოსიპედო ქალაქი ხონი და სამტრედიაა. შეიძლება ბევრს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ჩემს გონებაში დაუვიწყარ მოგონებადაა ჩაბეჭდილი ველოსიპედზე შემომჯდარი ბაბუ, რომელიც ხონის ქუჩებში ნახირს მიერეკებოდა. მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, ყველას ველოსიპედით მოსიარულეებს რომ ვხედავდი. თბილისში კიდევ ველოსიპედით სიარული ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეს საქმეს ეხება ხოლმე.

იმ დილითაც ველოსიპედით წავედი. დიდი მანძილის გავლა, არ დამცალდა, გზა გადამიჭრა შავჯიპიანმა, შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა, რეიბანებიდან რაღაცნაირად მომზირალმა ყმაწვილმა. გვერდზე თავისივე ასლი ეჯდა. მსგავსი რეაქციისთვის შინაგანად უკვე მზად ვიყავი. შემოვბრუნდი და გზა განვაგრძე.

შემოვუხვიე აკურის, ალექსიძის თუ ასლანიძის ქუჩაზე. დღემდე არ ვიცი, რომელი მათგანია. ალბათ, არც იმ არქიტექტორებმა იციან, ვინც ეს უბანი დააპროექტა. სავალ ნაწილზე, ტროტუარებსა თუ სუპერმარკეტების შესასვლელთან გაჩხერილი მანქანების მწკრივში ძლივს, ვაივაგლახით მოვახერხე გაძვრომა. გონებაში იმაზე ვფიქრობდი, სად წავსულიყავი, სად იყო ველოსიპედებისთვის ადგილი ამ ქალაქში. ფიქრებიდან ერთ-ერთი დანჯღრეული მანქანის, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ჯართის გროვას, გამონაბოლქვმა გამომიყვანა. გვერდით რომ გიჟივით ჩამიარა მაგას აღარ დავეძებდი. სასუნთქი სისტემა ისე გადამეკეტა, გავჩერდი სულის მოსათქმელად და წყლიდან ამომხტარი თევზივით ვფართხალებდი. მოკლედ ასე, უკვე საკმაოდ შეწუხებულმა გავაგრძელე გზა. იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი.

გავედი კოსტავაზე. გავჩერდი შუქნიშანთან გზის კიდეში რომელიმე თავაწყვეტილ მძღოლს რომ არ გავეტანე, თუმცა აგრესიას მაინც ვერ გადავურჩი და როგორც კი მწვანე აინთო, ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა სიგნალების რისხვა დამაყარა, რადგან, თურმე, მესამე ზოლიდან პირველ ზოლში გადმოხტომისას კლიენტთან მისასვლელი გზა გადავუკეტე.

ასე ათასგზის იმედგაცრუებული გადავედი გზიდან ტროტუარზე. აქ მანქანები არა, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა პროტესტით აღსავსე მზერები შემეჩეხნენ. სამჯერ თუ ოთხჯერ ბიჭების დაღრეჯილი, დამცინავი სახეებიც არ ამცდა. გატარებით ხომ არავინ გამატარებდა, სულ რომ ხეს ან ღობეს დავჯახებოდი, მთავარი იყო, თვითონ გაევლოთ კომფორტულად. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ ერთმა ქალმა თითქოს ჩემს გასაგონად სულაც არა, თავისთვის ჩაიბურდღუნა – მანქანები არ გვეყოფოდა ტროტუარებზე, ეს ველოსიპედებიღა გვაკლდნენო.

მოკლედ, ჩემმა რომანტიკულმა პათოსმა ისევ ღრმად მიიძინა. წინა შემთხვევაში ასეთი იმედგაცრუების შემდეგ რამდენიმე თვე ველოსიპედით გარეთ საერთოდ აღარ გამოვსულვარ. ახლაც ბოლო წვეთი და ჩემი სეირნობის დასრულება ისევ და ისევ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დამსახურება იყო. საშინელი აგრესიით, ლანძღვა გინებითა და ჯაჯღანით მომაძახა – „რაღა დროს შენი ველოსიპედია გოგო, ძირს გადმოეთრიეო“. კარგად რომ წამომეწია, ეს არ მაკმარა და კინაღამ ისე გადამიარა, ალბათ, როგორც იტყვიან, „ასფალტიდან ვეღარავინ ამფხეკდა“.

აი, ასე, მთელ სამყაროზე გაბრაზებული წამოვედი სახლში. ვიცი ეს გაბრაზება რომ გადამივლის, ალბათ ისევ გავალ ჩემი ველოსიპედით თბილისის ქუჩებში, ისევ დამეცემა ვიღაცის ნასროლი სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი თავზე, ისევ მომიშლის ნერვებს მძღოლების დაუდევრობა, მაგრამ მაინც დავრჩები პოზიტიურისკენ მიმართულ ადამიანად და იდიოტს, რომელიც მომაძახებს, რაღა დროს შენი ველოსიპედიაო, ამჯერად უკვე ყურადღებას აღარ მივაქცევ.

შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

ავტორი: თამუნა გეგიძე

შრომის დღესთან დაკავშირებთ 2015 წლის 1 მაისს თბილისში, ჭიათურასა და ქუთაისში მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ შრომის პირობებს აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციისთ, 2014 წელს, საქართველოს სხვადასხვა საწარმოში 61 ადამიანი გარდაიცვალა და 41 დაშავდა.  ჭიათურის მაღაროებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 12 დაშავდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მაღაროები არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უსაფრთხოების ელემენტარული პირობებით. საწარმოო სამუშაოები ხორციელდება ათწლეულების წინანდელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაღაროს მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა. მაღაროელები არ არიან უზრუნველყოფილი ხარისხიანი სპეც. სამოსით და შესაბამისი ხელსაწყოებით.

11206074_452296874946879_8656171322017270503_nამ და სხვა პრობლემების გათვალისწინებით თბილისში ჩატარებული აქციის ორგანიზატორმა, „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელმა“ მოაწყო მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან .მოგვიანებით ისინი გაერთიანებული პროფკავშირებისა და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის  შეუერთდნენ პარლამენტის შენობასთან. აქციის ორგანიზატორებმა წარადგინეს მანიფესტი , რომელსაც ხელს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები აწერენ. მანიფესტში ისინი აღნიშნავენ , რომ საქართველოს შრომითმა ინსპექციამ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მხოლოდ ფასადურად გაატარა. ამიტომ მოითხოვენ  სახელმწიფო როლის გააქტიურებას და სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. მათი მოთხოვნაა კერძო ბიზნესის ხელშეწყობის გამო შეწყდეს საზოგადოების შრომითი ექსპლუატაცია, შეიქმნას ნორმალური სამუშაო პირობები, ასევე შეწყდეს კერძო და საჯარო სექტორში ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 1 მაისი არა მშრომელთა უფლებების, არამედ ბრძოლის დღეა, რადგან ქვეყანაში მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს, რომ მშრომელი ხალხის უფლება დაცული იყოს.

პარლამენტის შენობიდან მსვლელობამ ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის სამინისტროს სუსტ როლზე და ხარვეზებზე ისაუბრეს. ასევე ქვეყანაში არსებულ რეალობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე  დასაბამს 1886 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული საპროტესტო აქციებიდან იღებს. მას შემდეგ 1 მაისი მშრომელთა დღე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 3,057 other followers

%d bloggers like this: