არქივი

კალენდარი

December 2014
M T W T F S S
« Nov    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

შესაძლებლობების ხელოვნურად შეზღუდვა

10859768_750647851650347_1569556602_n

ავტორი: მარი ბერაძე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად დღეს თანასწორობაზე ბევრს ვსაუბრობთ, ბევრი აქცია, მანიფესტაცია ჩავატარეთ და ბევრსაც მომავალში ვგეგმავთ, სოციალურ ქსელებში გავაქტიურდით, სამარცხვინო მძღოლების ფოტოებს ვავრცელებთ.

მთავარი მიზანი ამ ყველაფრისა შედეგია, რომელსაც ჯერჯერობით „პირი არ უჩანს“. სამწუხაროა!

თბილისში სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის არ არსებობს გადაადგილების საშუალებები (ზედმეტია ვისაუბროთ საქართველოს დანარჩენ ნაწილზე). თითქოს რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს შექმნას ადაპტირებული გარემოს საფუძვლები, თუმცა ეს ზღვაში წვეთია საჭიროებიდან გამომდინარე.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ საკითხზე არ ზრუნავს სახელმწიფო, რომელსც შეუძლია ფუნდამენტური ცვლილების განხორციელება ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისათვის. თუ გადახედავთ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, სავარძელ-ეტლების პროგრამისთვის ფინანსები გათვალისწინებული არ არის. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს რომ „გამოგვრჩათ და შემდეგი წლის ბიუჯეტში აუცილებლად  გაითვალისწინებენ“.

რთულია ენთუზიაზმი არ გაგიქრეს მსგავსი პასუხის შედეგად. რთულია ბრძოლის გაგრძელება, როცა სახელმწიფო კარს გიკეტავს და გამორჩები ბიუჯეტის დაგეგმვისას. ამის შემდეგ საკუთარი ფინანსების ამარად რჩები, რაც რეალურად ნიშნავს 24 საათი, კვირაში 7 დღე სახლში ყოფნას თუ რაიმე სპეციალური საშუალება გჭირდება გადაადგილებისთვის.

პრობლემაა მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვისაც იმიტომ, რომ საჭიროების მქონე პირებისათვის როდესაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩამოიტანა ხელ-ჯოხები,  აღმოჩნდა, რომ საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები სრულყოფილი სპეციალური ხელ-ჯოხებისათვის იყო გამოყოფილი (ხელ-ჯოხი, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა კომპანიამ ნაცვლად 2 მეტრისა, 1 მეტრი და 10 სანტიმეტრი გახლდათ). მსგავსი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა მნიშვნელოვანი ამ პრობლემების მოგვარებაა.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ყოველთვიური პენსია-დახმარების რაოდენობა შეადგენს 78 ლარს(პენსია)+22 ლარი(დახმარება).

როგორ შეიძლება გადაანაწილოს ადამიანმა ეს თანხა, რომელიც ვერ დასაქმდება (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) არ არსებული ადაპტირებული გარემოს გამო და როგორ უნდა იყოს 100 ლარის იმედად.

პირი, რომელიც ცხოვრობს მარტო, ვერ საქმდება, მიუხედავად პროფესიის ქონისა, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, სჭირდება დამხმარე, რომელსაც უნდა გადაუხადოს ფული – ყველაზე ცოტა 200 ლარი, იყიდოს საკვები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები – ეს მინიმალური მოთხოვნები კი მხოლოდ 100 ლარით უნდა დაიკმაყოფილოს. ზედმეტია ვისაუბროთ მის გადაადგილებაზე სახლს გარეთ, რადგან არ არსებობს ადაპტირებული ქუჩები და მით უმეტეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თუ მას საარძელ – ეტლი სჭირდება და არ აქვს, ან დაუზიანდა მინიმუმ ერთი წელი უნდა დაელოდოს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს პროგრამა შშმ პირებისათვის სავარძელ-ეტლების გადაცემის შესახებ.

მშობელი, რომელიც ცხოვრობს სპეციალური საჭიროების მქონე შვილთან ერთად, თუ მშობელი დასაქმებულია შვილისთვის აუცილებელია აიყვანოს დამხმარე, თუ დაუსაქმებელია უნდა დაჯერდეს 100 ლარს, რომლითაც უნდა დაიკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნილება, რომელიც მის შვილს აუცილებლობიდან გამომდინარე აქვს, რაც წარმოუდგენელია ამ თანხის ფარგლებში.

კულუარულადაც კი არ  მიმდინარეობს საუბრები შესაბამის სტრუქტურებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაზრდის შესახებ, ანუ მდგომარეობა უიმედოა და მისი გამოსწორება არც იგეგმება. არ იქმნება ადაპტირებული გარემო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ დასაქმება მიუხედავად დიდი გაჭირვების გამოვლის შედეგად მიღებული განათლებისა.

აუცილებელია, რომ ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა ქმედითი ღონისძიებები განახორციელონ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელი საჭიროებების ჩამონათვალიდან ნაწილი მაინც მოაწესრიგონ იმისათვის, რომ თანასწორი გარემოს შექმნა დაიწყოს.

ლევან ღამბაშიძის ლექცია – სოციალური უხილავობა და მოქალაქეობა

შაბათს, 20 დეკემბერს 19:00 საათზე „ლიბცენტრი“ გამართავს  ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექციას

სოციალური უხილავობა და მოქალაქეობა

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31, მელიქ აზარიანცის სახლის უკანა მხარე

ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)

ტელეფონი: 2 98 22 51

e_mail: liberalismcenter@gmail.com

ლევან ღამბაშიძე

დისკუსია – საბაზრო ეკონომიკა უნდა იყოს უფრო რეგულირებული თუ უფრო თავისუფალი?

ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, 20:00 საათზე “ლიბცენტრი” გამართავს დისკუსიას თემაზე

“საბაზრო ეკონომიკა უნდა იყოს უფრო რეგულირებული თუ უფრო თავისუფალი?”

დისკუსიისას ცენტრის წევრები წარმოადგენენ არგუმენტებს თუ რატომ უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკა უფრო მეტად რეგულირებული ან თავისუფალი.

მხარეების პოზიციის წარმოდგენის შემდეგ არგუმენტებს შეაჯამებს და ანალიზს გაუკეთებს მენტორი – ეკონომისტი რომან გოცირიძე
დასწრება თავისუფალია

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31 მელიკ აზარიანცის სახლის უკანა მხარე
ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)
ტელეფონი: 2 98 22 51
e_mail: liberalismcenter@gmail.com

1economics_1

შეზღუდული – ეს გარემოა

unnamedავტორი: სალომე ჩადუნელი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე იყო. უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლები გვქონდა, სადაც ძალიან ბევრმა სტუდენტმა ისაუბრა პრობლემებსა და იმ შედეგზე, რაც გულგრილ საზოგადოებას მოაქვს. ვიდეორგოლიც გადავიღეთ და ერთიანი ძალებით შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა საზოგადოებისთვის, დაგვენახვებინა მათთვის, რომ შეზღუდული ეს გარემოა და არა პიროვნება.

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველა მოქალაქისთვის არაა განკუთვნილი. ის ნებით თუ უნებლიეთ რიყავს საზოგადოების ნაწილს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ხელს უწყობს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს შეადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადამიანები, რომელთა პრობლემების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, ახალგაზრდები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგრამ პრობლემა არათუ გვარდება, არამედ მთელი სიმწვავით დგას ჩვენს წინაშე და გვახსენებს, რომ უთანასწორობა ბატონობს.

მეღიმება, როდესაც მესმის მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების ხელმისაწვდომობაზე, ინკლუზიურ განათლებასა და შესაძლებლობების რეალიზებაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი –  თავისუფლად გადაადგილების პრობლემა,  დღემდე  მოსაგვარებელია. სწორედ არაადაპტირებული გარემოა ის უმთავრესი პრობლემა, რომელიც სხვა პრობლემებს განაპირობებს. შშმ პირები სახლებიდან ვერ გამოდიან, ვერ ჩამოდიან კიბეზე, ვერ მოძრაობენ ქუჩაში, ვერ სარგებლობეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერ შედიან სხვადასხვა შენობებში, ვერ მიდიან სკოლამდე. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩუმად და ამავდროულად ხმამაღლა ეუბნება მათ -ეს ქვეყანა,  ეს გარემო და ცხოვრება ყველას არ ეკუთვნის.

სახელმწიფოს მოვალეობაა თანაბრად იზრუნოს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე, შეუქმნას გადაადგილების თავისუფალი ნება, განათლების მიღების შესაძლებლობა, პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება და თანაბარი სასტარტო პირობები. რეალობა კი სულ სხვა სურათს გვიხატავს.

გვაქვს პანდუსები, რომლითაც არათუ დამოუკიდებლად , არამედ სხვისი დახმარებითაც კი ვერ გადაადგილდები.

გვაქვს პანდუსები, რომლებზეც მოქალაქეები მანქანებს აჩერებენ და მიაჩნიათ, რომ ეტლით მოსარგებლებს არ სჭირდებათ პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილები.

გვაქვს უნივერსიტეტები და სკოლები, რომელთაც შშმ პირი ვერც კი მოუახლოვდება, გადააგილებაზე და განათლების მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

გვაქვს შენობები და გადასასვლელები, სადაც პანდუსი პანდუსისთვის კეთდება და არა საჭიროების გამო.

გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ქმნის ვითომ ადაპტირებულ, რეალურად სრულიად შეუფერებელ გარემოს წლის ანგარიშისთვის, გაწერილი გეგმისთის და არა საზოგადოებისთვის. ნიშნავს პენსიას, რომელიც გადაადგილებაშიც კი არ ყოფნის ადამიანს, კვებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,  შეზღუდული ეს გარემოა. გარემოში მოიაზრება საზოგადოებაც, რომელშიც იბადება არასწორი დამოკიდებულებები და სტერეოტიპული შეხედულებები შშმ პირთა ირგვლივ. საზოგადოების როლი უდიდესია პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. შშმ პირებს, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად სიბრალული სჭირდებათ. მათ სჭირდებათ გარემო, რომელშიც შეძლებენ პოტენციალის რეალიზებას.

გუშინ ერთ გოგონას შევხვდი. მას ნატა ჰქვია, ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ ეცეკვა დიდ სცენაზე. 4 წლის წინ ავარიაში მოყვა და მხედველობა დაკარგა, მაგრამ არ დაუკარგავს იმედი, არ შეშინებია საზოგადოების დამოკიდებულების. შეძლო და თავიდან იპოვა საკუთარი თავი, იცეკვა და ამით გვითხრა, რომ შეზღუდული თვითონ კი არა, ჩვენი გონებაა. ასეთი ადამიანები უტყუარი ფაქტები არიან, იმის წინააღმდეგ, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ნაკლებია და ვიღაცას ჩვენი სიბრალული სჭირდება.

რა კუთხითაც არ უნდა დავიწყოთ საუბარი შშმ პირების პრობლემებზე, ბოლოს მაინც განათლების ნაკლებობის პრობლემას მივადგებით ხოლმე. არავინ არ იცის როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუ დღეს კარგია, ხვალ არავინ იცის ცუდი იქნება თუ უკანასკნელი. არავინაა დაზღვეული, რომ ერთ დღეს სწორედ იმ „ჯგუფის“ წევრი გახდეს, რომელსაც რიყავდა, ზურგს აქცევდა და აგრესიულად ეპყრობოდა.

ცალკე პრობლემაა შშმ პირების ოჯახის წევრები და მათი დამოკიდებულება პრობლემასთან. შობლების ნაწილი მალავს შვილს ოჯახში, არ უშვებს საზოგადოებაში, რცხვენია ან საზოგადოების დამოკიდებულების ეშინია, არ უნდა, შვილს გული ეტკინოს და თავი არასრულფასოვან ადამიანად იგრძნობს.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ვნერგავთ დემოკრატიულ პრინციპებს და ხელს ვუწყობთ ხალხის მმართველობას, ვებრძვით დისკრიმინაციას, სტერეოტიპებს და სტიგმებს, ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი სივრცე ყველასთვის, მაგრამ სანამ საზოგადოების ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კარებს უჭედავს, საქანელას ხსნის, შშმ პირს შვილს არიდებს, პანდუსზე მანქანას აჩერებს, პრობლემები ვერ მოგვარდება. შეზღუდული-ეს  ჩვენი აზროვნება და გარემოა და არა შესაძლებლობები.

წარსული აწმყოში

10850838_850369655013700_192520184_nავტორი: ქეთა კანდელაკი

ტელევიზორის ეკრანთან მოვკალათდებოდით მთელი ოჯახი. მაშინაც იატაკზე ჯდომა მიყვარდა, როგორც ახლა. სავარძელში მჯდომი მამაჩემის ფეხებთან მივცუცქდებოდი და ვუსმენდი ყველა ერთად ჩემთვის გაუგებარ კომენტარებს რომ აკეთებდა, თურმე პოლიტიკური სიახლეების მსვლელობისას. გამახსენდება თუ არა,  ყოველთვის ერთსა და იმავე სუნს ვგრძნობ: დარიჩინიანი ყავის და თაბაქოსას ერთად, მამაჩემი რომ ღერს-ღერზე ეწეოდა.

ამ სიტუაციას ყოველთვის ჰქონდა რაღაც მისტიური და მოულოდნელი. აუცილებლად მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გავმხიარულდებოდი ამ სასაცილო ხალხის ყურებით, ტელევიზორის ეკრანი ქრებოდა. გამობურცულ ზედაპირზე, შუაში, თეთრად გამკრთალი ხაზი თვალს მჭრიდა, მეც მომენტალურად ვხუჭავდი და გახელისას, ჩაბნელებულ ოთახს და ამ სიბნელეში დაკარგულ ოჯახსწევრებს ვხედავდი მხოლოდ.

ახლა შუქით განათებულ ოთახში მჯდომი ვიხსნებ ხოლმე დიდი ოჯახის პატარა ისტორიებს და სინათლიდან ვაღწევ ჩაბნელებული, 3 ოთახანი ბინის კედლებში, დარიჩინიანი ყავის და თამბაქოს სუნი ცხვირს რომ მიწვავს.

მაშინ შუქი რომ ჩაქრებოდა, “თვალთან თითს ვერ მიიტანდი”(ბებიაჩემი ამბობდა ასე) , დღეს ქუჩაში ლამპიონები ანთია და მათგან შემომძვრალი შუქი გეხმარება “იპოვო თვალი”. გარდა ამისა, ტრანსპორტიც გაგიკვირდებათ და არსებობს, ასლან აბაშიძეც ქვეყნიდან გაძევებულია და შევარდნაძეც გარდაცვლილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბნელ 90-იანებს გავცდით. მეც აღარ ვცხოვრობ იმ 3 ოთახიანში და აღარც გამობურცულეკრანიანი ტელევიზორით ვეცნობი პოლიტიკურ სიახლეებს. თუმცა, არის რაღაც, რამაც დროს გაუძლო და რაც რეალობაში არარეალურად არსებობის მიუხედავად მაინც მახსენებს იმ პერიოდს.

ზოგჯერ მგონია, 18 თეთრად ნაყიდი ელექტროენერგიით გაბრდღვიალებული ჩემი ოთხი კედელია ერთადერთი ადგილი, სადაც ხელოვნური და ცნობიერი სიბნელე ვერ აღწევს. ამ კედლებს გარეთ “უშუქობა” კვლავ აქტუალურია, არა იმდროინდელი გაგებით.

თურმე, ნუ გაგიკვირდებათ და საბჭოთა პერიოდის დაბრუნება ბევრს სურს. არვიცი რა იზიდავს ამ ხალხს, 37 მანეთიანი წინ და უკან ფრენა, უპასუხიმგებლობა, დახშული აზროვნება თუ მათ მაგივრად მიღებული გადაწყვეტილებები. ფაქტია, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორია ჭირსაც წაუღია, “რუსეთი ბატონადო” გაიძახიან.

ეს იქით იყოს და დილით, გაჩერებასთან რომ ვიდექი და 149-ს ველოდებოდი, გავიგე როგორ ემუდარებოდა მოხუცი ბებო მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელს არ დამაჯარიმოო. საავადმყოფოდან მოვდივარ და როგორ აგიხსნა ახლა ჩემი მდგომარეობაო. ვინ იცის, იქნებ ვინ ჰყავდა ავად, იქნებ თავად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ან სულაც არა, ფაქტია, 50 თეთრი არ ჰქონდა. ან ჰქონდა და მოგეხსენებათ “ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო”. 5ლარიან ჯარიმას ისე თავგანწირვით ებრძოდა, რომ არ მოსულიყო 149, არ ვიცი კიდევ რამდენჯერ გავიგონებდი “გემუდარები შვილო”-ს.

ასეთი სიტუაციები ისე მიმღვრევს სულს, როგორც მოულოდნელად გათიშული, ბავშვობისდროინდელი, გამობურცულეკრანიანი ტელევიზორი მიმღვრევდა. არც მაშინ ვიცოდი ვინ ან რა იყო შუქის წასვლაში დამნაშავე და ვერც იმას ვხვდებოდი, ბებიაჩემის ნათქვამი “ჩაგიბნელდათ შიგანის” ადრესატი ვინ იყო. მთელი გზა გაგონილზე ვფიქრობდი და  დამნაშავის კვალს ვეძებდი.

უბილეთო მგზავრი დამნაშავეა, ან ის უფრო დამნაშავეა ვინც არასდროს ფიქრობს ამ უბილეთოებზე, რომელთა მიმართ პასუხისმგებლობები და მოვალეობები აკისრია. ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს და არღვევს იმიტომ, რომ სწორედ ამ დარღვევის საშუალებით შეძლებს მიიტანოს სახლში პური, მთლად დამნაშავეს ვერ ვუწოდებ. თუ ამ ადამიანს დავინახავთ, როგორც უწესრიგობას შეჩვეულს, უპასუხისმგებლობა გასისხლხორცებულს, რომლისთვისაც არც ფულია გადამწყვეტი, არც პური, არამედ ჩვევა, ამაში საზოგადოებაა დამნაშავე, ერია დამნაშავე. მონიტორინგის სამსახურის იმ მუშაკსაც, რომელიც დილას თავის მოვალეობას პირნათლად, თუმცა ყოყმანით ასრულებდა ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ თუ ზემოთნახსენებ საზოგადოებაში მასაც მოვიაზრებ, ბუნებრივია ისიც დამნაშავეა ამ ქალის და თავის თავის წინაშე. მეც დამნაშავე ვარ და შენც.

საქართველოში შიმშილია. მენტალური შიმშილია და არამარტო. ამიტომაც არ მიკვირს მუშაობა რომ არ სურთ, პასუხისმგებლობებს რომ უფრთხიან. ხალხზე რა უნდა ვთქვათ, როცა ქვეყნის რეალური მმართველიც კი თამაშგარეთ ყოფნას ამჯობინებს.

ლარი გაუფასურდება, დოლარი 2-ს მიუკაკუნებს, ევროზე ორივე ნახსენები იმოქმედებს თუ არა, მეორეხარისხოვანია იმ ხალხისთვის, რომელთა 80%-ს ის გაუფასურებული 5 ლარიც არ აქვს. სადაც დღიური ანაზღაურება საშუალოდ 10 ლარია, ანუ 12 საათიანი შრომა ერთი დარიჩინიანი ყავის ფასია.

მიცუცქული ვარ მამაჩემის ფეხებთან და ველოდები ეკრანი როდის ჩაქრება. ბებიაჩემი ტრადიციულად რომ იტყვის გაწყდით ერთ დღესო. ბაბუაჩემი მშვიდად იკითხავს სანთელი თუ გაქვთო. დედაჩემი მეტყვის ქეთუ არ შეგეშინდეს, სანთელს ავანთებო. მამაჩემი სიბნელეშიც იპოვის ყავას, მოსვამს და თავზე მომეფერება. მერე მეზობლის ბავშვები დაიწყებენ “ჩვენი ქსელი ჯეოსელი”-ო და ყველას ერთად გაგვეცინება.

ახლა პლაზმური ტელევიზორის ეკრანთან ვზივარ, იატაკზე. ავანთებ ყველა ნათურას, დავისხამ ცხელ შოკოლადს და მოვწევ. მერე უშველებელ ნომერს ავკრეფ და დედას დავურეკავ, რომელიც ერთადერთია, იმ მოგონებებიდან ცოცხალი რომ შემომრჩა, თუმცა ხანდახან ესეც მეეჭვება ჩვენი დაშორების დიაპაზონის გამო.

დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მე კი ავანთებ ყველა ნათურას, დავლევ ცხელ შოკოლადს და მოვწევ. იქაური ანაზღაურება სამივეს გაწვდება.

ლარის კურსის ცვლილების ამბავი

ლარის კურსი

ავტორი: აკაკი გველესიანი

ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება 20 ნოემბერს, 1.76-იანი ნიშნულიდან დაიწყო და 6 დეკემბერს კურსმა 1.95-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია. 9 დეკემბერს ცოტათი დაიწია და ლარმა დოლარის მიმართ 1.94 შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ისინი ამ კვირიდან ტრენდის ცვლილებას და კურსის დასტაბილურებას ელიან, თუმცა თანხმდებიან, რომ ძველ ნიშნულს ლარი აღარ დაუბრუნდება.

კურსის ეს უეცარი ცვლილება, რასაკვირველია, ფართო განხილვის საგანი გახდა და თითქმის ყველა ექსპერტისა და პოლიტიკოსის მრავალგვარი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებიც მოვისმინეთ – ზოგისთვის ამ ამბავში არაფერია საგანგაშო, ზოგი კი ქვეყნის უფსკრულში ჩაჩეხვისთვის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებას ფასებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმით ხსნის, რომ ლარის დევალვაცია მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებას დაემთხვა. ამასთან, არ გაზრდილა ფულის მასა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით მიზნობრივზე მეტ ინფლაციას. ამის მიზეზი კი არის ორი: პირველი – ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი, მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. მეორე მიზეზი, რომლითაც არ ველოდებით მნიშვნელოვან ზეწოლას ეს არის ფულადი აგრეგატების ზრდის ფაქტორი. უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ყველაზე დიდი ზარალი იმ ადამიანებმა განიცადეს, რომელთაც ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს, შემოსავლები კი – ლარში. მათ სესხის მომსახურება ყოველ 100 დოლარზე, დღევანდელი კურსით,  დაახლოებით 15 ლარით მეტი დაუჯდებათ.

დევალვაციის ძირითად მიზეზებად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და გარე ფაქტორები სახელდება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორების – თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც ამ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის სალდოს გაუარესებას შეუწყო ხელი. ზოგადად, ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 11%-ით, ანუ ქვეყანამ უფრო მეტი დოლარი გასცა, ვიდრე მიიღო, ამან კი მისი მიწოდება შეამცირა და დამატებითი ზეწოლა მოახდინა კურსზე. აღსანიშნავია ისიც, დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა. ევრო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8-10%-ით გაუფასურდა, რაც ნავთობზე ფასების კლებისა და აშშ-ს შეცვლილი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ექსპერტთა უმეტესობა კურსის ცვლილებაში გარე ფაქტორებზე მეტად ხელისუფლებას ადანაშაულებს და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა პრივატიზაცია, გართულდა და დამატებითი რეგულაციები დაწესდა უცხოელების მიერ მიწის შესყიდვასა და ვიზის მიღებაზე, ბიუჯეტის ხარჯვა კი უკვე ორი წელია, არაჯეროვანი და არათანაბარია. ექსპერტთა მტკიცებით, ამ ფაქტორებმა საინვესტიციო გარემოს გაუარესება გამოიწვია და შეამცირა დოლარის შემოდინება ქვეყანაში, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რადიკალური ცვლილებებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის გარეშე, ეკონომიკური ჩავარდნა გარდაუვალი იქნება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ კურსის ცვლილება სუფთა ეკონომიკური მოვლენაა და ეროვნული ბანკისკენ იშვერენ ხელს. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის ზემოქმედება გაცვლით კურსზე ნულის ტოლია. ეროვნული ბანკი კი მთავრობისგან მაღალ ეკონომიკურ ზრდას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, „ყველა ჩვენი გამოწვევის წამალია“.

აშკარაა, მთავრობას ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა მიეღო პრევენციული ზომები, რათა კურსის ცვლილება ასეთი სწრაფი, მტკივნეული და პანიკური არ ყოფილიყო. შექმნილმა აჟიოტაჟმა დამატებითი წნეხი წარმოქმნა კურსზე, რადგან კიდევ უფრო მეტი ზარალის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობამ ლარი დოლარში დააკონვერტირა და კურსზე ზეწოლა გაზარდა. გაზრდილი მოთხოვნით გადამცვლელმა პუნქტებმა და ბანკებმაც ისარგებლეს და სპეკულაციას მიმართეს – განვლილ დღეებში საკმაოდ ბევრგან 1 დოლარი 2-2.05 ლარი ღირდა, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაქსიმალური გაცვლითი კურსი 1.95 იყო. დააგვიანა ოფიციალურ პირთა გამოხმაურებებმაც – მათ შეფასებები მხოლოდ მაშინ გააკეთეს, როცა კურსმა უკვე პიკს მიაღწია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი მხოლოდ 9 დეკემბერს გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე და საზოგადოება დაამშვიდა. გიორგი ქადაგიძის თქმით, „ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.

ოფიციალური პირები ზუსტი პროგნოზებსაგან თავს იკავებენ და იმედოვნებენ, რომ კურსი ნელ-ნელა დაბლა დაიწევს. 2015 წლის ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირაში დაამტკიცებს, 1.80-იან მაჩვენებელზეა გათვლილი. ფაქტი ერთია – კურსის ცვლილებას კარგი არაფერი მოუტანია, პირიქით – საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გადასახადები საგრძნობლად გაზარდა. აშკარაა, რომ ეკონომიკური განვითარება მომხდარ ცვლილებებს ვერ პასუხობს და მოქალაქეთა ხარჯების ზრდა ბევრად დიდია, ვიდრე მათი შემოსავლების. ამ ტენდენციის გაქრობა მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, კარგ საინვესტიციო გარემოსა და მაქსიმალურად თავისუფალ ეკონომიკას შეუძლია, ეს კი სწორედ ის საკითხებია, რომელიც, აგერ უკვე მეორე წელია, ხელისუფლებს მთავარ თავის ტკივილად იქცა.

რუსუდან გოცირიძის ლექცია – “სტერეოტიპები – აზროვნების ჩარჩოები”

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს 20:00 საათზე „ლიბცენტრი“ გამართავს  რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექციას

სტერეოტიპები – აზროვნების ჩარჩოები

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31, მელიქ აზარიანცის სახლის უკანა მხარე

ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)

ტელეფონი: 2 98 22 51

e_mail: liberalismcenter@gmail.com

რუსუდან გოცირიძე

“არარსებული” ბავშვები

 

ფოტო: radiotavisupleba.ge

ფოტო: radiotavisupleba.ge

ავტორი: მარიამ ოლქიშვილი

ყოველ დღე უნივერსიტეტამდე მეტროთი მიწევს მგზავრობა. ყოველ გაჩერებაზე სხვადასხვა ბავშვს ვიცნობ. ზოგი სანთლებსა და ხატებს ჰყიდის, ზოგი მათხოვრობს. არიან ასაკით ძალაინ პატარებიც, ძლივს რომ ამბობენ  დაზეპირებულ ტექსტს, რომელიც „ბოდიში თუ შეგაწუხეთი“ მთავრდება.  მერე სხვა ბავშვი შემოვა და დაიწყებს „კეთილო ხალხოო…კეთილო მგზავრებო“ – ასე გრძელდება ბოლო გაჩერებამდე.

ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე ხშირად ვფიქრობთ, ვფიქრობთ ყველა ცალკ-ცალკე, მაგრამ ერთად არავინ. მათი პრობლემაც კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ეგრეთ წოდებული  „ქუჩის ბავშვების“  რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის დამადასტურებელი საბუთი მოიპოვება.  რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ფაქტობრივად არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე დაემართება, სახელმწიფო დაეხმარებას ვერ გაუწევს. კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ ყველანაირი სოციალური მომსახურება სიღარიბის ზღვარს ქვმოთ მყოფი ოჯახის სტატუსზეა მიბმული. უსახლკარო ოჯახს, რომელსაც არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, არ გააჩნია საცხოვრებელი მისამართი, მას სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქუჩაში სამოწყალოდ გამოსული ბავშვების უმეტესობას  კიდევ უამრავი სხვა პრობლემაც აწუხებს.  მხოლოდ მოწყალების გაღება დიდი არაფერი შეღავათია. ამ პრობლემების მოსაგვარებლად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, აღწერა ჩატარდეს, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს ამ ბავშვების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ამით შესაძლებელი გახდება საბუთების მოგვარება, რომლის საშუალებითაც შეძლებენ მიიღონ როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა დახმარება, დაურიგდეთ ჯანმრთელობის დაცვის პოლისები.

ბექა მინდიაშვილის ლექცია – მართლმადიდებლური თეოლოგია პოლიტიკური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

ხუთშაბათს, 4 დეკემბერს 20:00 საათზე „ლიბცენტრი“ გამართავს თეოლოგ ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექციას

მართლმადიდებლური თეოლოგია პოლიტიკური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31, მელიქ აზარიანცის სახლის უკანა მხარე

ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)

ტელეფონი: 2 98 22 51

e_mail: liberalismcenter@gmail.com

1009382_169144296595473_171884181_o

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

1509798_374640406045860_131621676449786235_nავტორი: ანანო რაზმაძე

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია 25 ნოებერს, პარლამენტის ყოფილი  შენობის წინ გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა, „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, თბილისის გარდა, აქცია კიდევ მიმდინარეობდა საქართველოს 22 ქალაქში (ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, წყალტუბო, გორი, დუშეთი, რუსთავი, ქობულეთი, სიღნაღი, გურჯაანი,  ბოლნისი, ბორჯომი, წნორი და ხაშური). საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, აქტივისტებისთვის გაკეთდა დაფა, სადაც მათ საკუთარი ხელის ანაბეჭდის დატოვება შეეძლოთ, ასევე შეგროვდა ხელმოწერები პეტიციისთვის, რომლითაც მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იზრუნონ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

აქციის ძირითადი მიზანი იყო, უყურადღებოდ არ დაეტოვებინა 2014 წლის, დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მომხდარი 25 ქალის მკვლელობა. აქტივისტები გამოხატავენ მხარდაჭერას იმ ქალების მიმართ, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი და სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობას სთხოვდნენ.

„ქალთა მოძრაობის“ განცხადებით, 2013 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 5 447 გამოძახება დაფიქსირდა. მათი თქმით, ეს რიცხვი არ გამოხატავს ქალზე ძალადობის შემთხვევების ზუსტ რაოდენობას, ვინაიდან შემთხვევების დიდი ნაწილი, სახელმწიფოსათვის შეტყობინების გარეშე რჩება. გამოძახებების მაღალი რიცხვის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების შემთხვევები დაბალია. მაგალითად, იმავე 2013 წელს მხოლოდ 212 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აქციის ორგანიზატორები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ არავინ იღებს ხმას ძალადობაზე, სანამ ის ფატალურად არ მთავრდება.

ასევე, პროტესტი გამოითქვა იმ ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიმართ, რომ ქალზე ძალადობა მხოლოდ „ოჯახის საქმეა“ და მასში ნებისმიერი ჩარევა დაუშვებელია.

სიცივისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აქციაზე 200-მდე ადამიანი მოგროვდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ აქტივისტებში მრავლად იყვნენ სხვადასხვა თაობის , სქესისა და ეროვნების ადამიანები.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 3,029 other followers

%d bloggers like this: